"ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს" - არჩილ ჭყოიძის საბჭოთა ნოსტალგიები

"ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს" - არჩილ ჭყოიძის საბჭოთა ნოსტალგიები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე ოფისს ხსნის. ჩვენ დავუკავშირდით კოალიციის ლიდერ არჩილ ჭყოიძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ახალგორელმა მოსახლეობამ გვთხოვა მსგავსი ოფისის გახსნა. ჩვენი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემების გადაჭრა რუსი მეგობრების დახმარებით. ჩვენ დავიცავთ მათ სეპარატისტული რეჟიმისგან. კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" 2008 წლიდან რუსეთში ყველა ვიზიტის დროს ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთმა დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ "ევრაზიულ კავშირში" მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავწევრიანდეთ, თუ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და გაწევრიანების შემთხვევაში ამის გარანტია ჩვენ გვაქვს.

- ვისგან გაქვთ ტერიტორიების დაბრუნების გარანტია?

- ჩვენ ვიცით რუსი პოლიტოლოგების და რუსი პოლიტიკოსების მოსაზრებები. ამის თქმის საბაბს გვაძლევს მედვედევის მოსაზრებაც. მან 6 თვის წინ გააკეთა განცხადება, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება - ჯერ-ჯერობით ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებასო. ამ განცხადებაში მთავარია სიტყვა "ჯერ-ჯერობით" ანუ სამომავლოდ მოლაპარაკება შეიძლება. ამიტომ საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს "ევრაზიულ კავშირზე" და უნდა წამოაყენოს საკუთარი პირობები.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ამ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს?

- შეიძლება კი არა, ეს აუცილებლად ასე მოხდება. ეს არ მოხდება მეორე დღესვე, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

- ეს ცოტა პრიმიტიული აზროვნება ხომ არაა? პრიმიტიულადვე დაგისვამთ კითხვას: რუსეთის მხრიდან საქართველო არაერთხელ იქნა "გადაგდებული" და სად არის გარანტია, რომ კიდევ ერთხელ არ მოვტყუვდებით?

- რუსეთისგან მოტყუებული როდის დარჩა საქართველო? ამბობენ, თითქოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერე გააცურა საქართველო რუსეთმა, მაგრამ ეს არის ტყუილი, რუსეთმა ზედმიწევნით შეასრულა ის, რაც ეწერა ტრაქტატში. დავიწყოთ იმით, რომ ტრაქტატი დაიდო არა საქართველოსთან, არამედ ქართლ-კახეთის სამეფოსთან, ვინაიდან დანარჩენი საქართველო ფაქტობრივად არ არსებობდა. 1786 წელს დედოფალმა დარეჯანმა გააფორმა ხელშეკრულება ავარის ხანთან, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად ანულირება მოხდა გეორგიევსკის ტრაქტატის. 

მანამდე კი ყველანაირი დახმარება გაუწია რუსეთმა მაშინდელ საქართველოს და მკვლევარები ფაქტებს შეგნებულად ამახინჯებენ. მინდა ერთი საგულისხმო ფაქტი გითხრათ: 1795 წელს, საქართველოს თავს დაესხა აღა-მაჰმად-ხანი, მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა მალავს იმ ფაქტს, რომ აღა-მაჰმად ხანის სამასივე მეზარბაზნე და მთელი არტილერიის ხელმძღვანელობა იყვნენ ფრანგები, საერთოდაც ეს ლაშქრობა დასავლეთმა დააფინანსა, კონკრეტულად საფრანგეთმა, რათა საქართველო დაესაჯათ იმის გამო, რომ მან კავშირი დაამყარა ერთმორწმუნე მეზობელთან. 

კიდევ ამბობენ, დსთ-ში შეგვიტყუესო... ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოს დსთ-ში შესვლამ არაფერი არ მისცა და ეს არის ურცხვი ტყუილი.დსთ-მ საქართველოს მისცა ის, რომ რუსეთმა წლების მანძილზე ვერ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

- ბატონო არჩილ, აღა-მაჰმად-ხანის და საფრანგეთის არგუმენტის აბსურდულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, განა საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ში არ იყო, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნო?

- ეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურის შემდეგ, თორემ შევარდნაძემ შესძლო დსთ-ში შესვლით აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების მიღწევა, შევარდნაძე რომ სოხუმის დაცემამდე შესულიყო დსთ-ში, სოხუმი არც დაეცემოდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ამაზე ერთი ამბავი ატეხა.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, ეს სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო ავანტიურა, დაბომბა და ჩახოცა თავისივე მოქალაქეები (ეს არაა ჩემი აზრი, ამას ამბობს ჯონ მაკეინიც). რუსეთზე მეტი ბრალი 2008 წლის ომში სააკაშვილს მიუძღვის. 

- ბატონო არჩილ, სააკაშვილი იყო საქართველოს მთავარსარდალი და საკუთარ ქვეყნის ტერიტორიაზე ჰქონდა უფლება, აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი, მეგობარი და ერთმორწმუნე რუსეთის ჩარევა არ იყო საქართველოს სუვერენული უფლების შელახვა?

- ვინ ეკითხებოდა აშშ-ს, როდესაც ერაყში ომი დაწყო? რუსეთი, აშშ, ჩინეთი არიან ზესახელმწიფოები, რომლებიც არავის არაფერს არ ეკითხებიან და ძალისმიერი მეთოდებით წყვეტენ პრობლემებს. რუსეთი არის უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. თუ საქართველო ამ ინტერესებს არ გაითვალისწინებს, ისევ მოჰყვება წნეხის ქვეშ, ხოლო თუ გაითვალისწინებს, ექნება საშუალება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი უკან დაიბრუნოს. ამას გარდა, ვიქნებით დაცულები. გახსოვთ, ოდესმე რუსეთს ჩვენთვის დაერტყას, როცა ჩვენ მათ ინტერესს ვითვალისწინებდით? იქნება ისეთივე ჰარმონიული სიტუაცია, როგორც საბჭოთა პერიოდში და რუსეთის იმპერიის დროს. ევრაზიული კავშირი არაა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს იქნება გარანტი საქართველოს ერთიანობისა. საქართველო საბჭოთა პერიოდში უკეთეს მდგომარეობაში იყო თუ დღეს?!

- და ეს გვაძლევს საბჭოთა ნოსტალგიის საბაბს?! 

- ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი კი არ უნდა გაგვიჩნდეს, არამედ ძლიერი ქვეყნისადმი. დღევანდელი საქართველო დაჩაჩანაკებულია საბჭოთა საქართველოსთან შედარებით. ქვეყანაში გეი-პარადები ტარდება - ასეთი რამე საბჭოთა კავშირის დროს არ ხდებოდა.

ჩვენ გვქონდა ორი გზა. პირველი – ნეიტრალიტეტი, სააკაშილმა 2004 წელს დაასამარა და დღესდღეობით, მეორე გზა არის ევრაზიული კავშირი და თუ ამ კავშირში შევალთ, რუსეთის მხრიდან აგრესია არ გვემუქრება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისათვის)