ალექსანდრე დუგინი: „ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად“.

ალექსანდრე დუგინი: „ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად“.

რუსულ-ქართული ურთიერთობები, რომლებიც 20 წლის წინ ჯერ კიდევ კეთილმეზობლურად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, ბოლო წლებში სულ უფრო მწვავდება და სრული განხეთქილებისაკენ მიექანება.  რამ მიგვიყვანა აქამდე? ექსპერტების აზრით ურთიერთობათა ასეთი გაცივების მიზეზი არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ თანამედროვე პოლიტიკაში, რომელსაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობები ახორციელებენ, და რომლისთვისაც არათანმიმდევრობა და შეურიგებლობაა დამახასიათებელი. აქ უნდა გავიხსენოთ ორი, ერთ დროს მოძმე ერის ურთიერთობათა ისტორია.

აღნიშნული პრობლემატიკის შესახებ გაზეთ „ერეკლეს გზის“ მკითხველს ესაუბრება საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი, პროფესორი ალექსანდრე დუგინი.

თქვენი შეფასებით  ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში რამ განაპირობა ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესება?

- აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა განვიხილოთ.  პირველი, გეოპოლიტიკური ფაქტორი.  რუსეთი გეოპოლიტიკაში წარმოადგენს ე.წ. ჰარტლანდს, ანუ სახმელეთო ტერიტორიას, ანუ ევრაზიული სივრცის ცენტრს, რომლის ფლობაც მსოფლიო თამაშის, დიდი თამაშის დედაარსია.  დასუსტდა ჰარტლანდი, დასუსტდა რუსეთი, დასუსტდა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად, მსოფლმხედველობით, სამხედრო თვალსაზრისით, დაავიწყდა თავისი მოწოდება და ხელიდან გაუშვა კონტროლი.  სხვადასხვა ხალხებმა და ქვეყნებმა, რომლებმაც 1991 წელს  დამოუკიდებლობა ფაქტობრივად  რუსეთის დასუსტების ხარჯზე მოიპოვეს, მოქმედების განსხვავებული გზები აირჩიეს.  ზოგიერთი მისი ერთგული დარჩა, და ეს უპირველეს ყოვლისა ბელორუსიასა და ყაზახეთს ეხება.  ზოგი მათგანი მაშინვე გაერიდა – ეს ბალტიის ქვეყნებია, ზოგი კიდევ გარდამავალ პოზიციაში დარჩა – უკრაინა და მოლდოვა.  ხოლო საქართველომ მკვეთრად ანტირუსული პოზიცია აირჩია და შესაბამისად – პროამერიკული.  ვინ არის ამაში დამნაშავე?

  ფაქტობრივად ამაში დამნაშავე სამი ძალაა.  უპირველს ყოვლისა ეს არის ამერიკა, რომელიც  ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ზეგავლენის სტრუქტურის შეცვლას და ამ ტერიტორიების საკუთარი კონტროლისადმი დამორჩილებას გეგმავდა.  ამაში დამნაშავეა რუსეთიც, რომელმაც ვერ დააკავა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, ვერ შესთავაზა მათ ინტეგრაციის და კავშირების შენარჩუნების მოდელი.  მან თავის დროზე არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები ყველა ქვეყნის კანონიერი მოთხოვნების მიმართ, საქართველოს ჩათვლით, და ამ მოთხოვნებს არათანამიმდევრულად უპასუხა – ხან მესანგრეთა ნიჩბებით, ხანაც კი საქართველოსთვის ოთხივე მხარეს გზის დალოცვით.  ანუ, ეს არათანმიმდევრულობა სახეზეა და ამაში რუსეთია დამნაშავე.  და რა თქმა უნდა გარკვეულწილად დამნაშავე ქართველებიც არიან, რომლებსაც რუსეთის კონტროლიდან გამოსვლა უნდოდათ, რომლებმაც თავის დროზე ეს არჩევანი ნებაყოფლობით გააკეთეს.  მე მესმის, რომ ნებისმიერი გარეშე კონტროლი თაფლი არ არის, მაგრამ აქ რეალისტები უნდა ვიყოთ – არსებობს სახელმწიფოთა გარკვეული მასშტაბები, რომლებიც ან ერთი, ან მეორე სახელმწიფოს ზეგავლენის ქვეშ არის.  საქართველო ან რუსეთის, ან ამერიკის ზეგავლენის ქვეშ უნდა იყოს, სხვა არჩევანი არ არსებობს.  ჩემი აზრით, საჭირო იყო დაბალანსებული პოზიციის აგება, არც ევროპის, არც დასავლეთის და არც რუსეთის საწინააღმდეგო, მაგრამ აქ შეცდომა ყველამ დავუშვით, ამერიკის გარდა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, იგი ასუსტებს ევრაზიას, რაც მისთვის პრინციპში ხელსაყრელია.  ასე რომ, ჩვენ ვიომებთ ქართველებთან, დავხოცავთ ერთმანეთს რუსები და ქართველები, თუ უბრალოდ ეკონომიკური ბლოკადით შემოვიფარგლებით, ჩვენი განხეთქილება ყველა შემთხვევაში შეერთებულ შტატებისთვის ხელსაყრელია.  მათ შეცდომა არ დაუშვიათ, რადგან არსებობს განხეთქილება, მაშასადამე მათი პოლიტიკა ეფექტიანია.  მაგრამ ვზარალდებით ჩვენ – ქართველები და რუსები.  აი ასეთია ჩემი საერთო ანალიზი ამ სიტუაციისა.  ამასთანავე, სამწუხაროდ, ახალი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ყველა ლიდერი – გამსახურდია, შევარდნაძე და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი უპირველესად მაინც აშშ-ზე იყვნენ ორიენტირებულნი, რუსეთის საწინააღმდეგოდ, და შეიძლება ითქვას, რომ ამით ხელს უწყობდნენ კონფლიქტს.  იმავდროულად, მე არავითარ შემთხვევაში არ ვუხსნი პასუხისმგებლობას მოსკოვს, ჩვენს ხელმძღვანელობას, რომელმაც, მკაცრად თუ ვიტყვით, არაფერი გააკეთა ქართველთა შესაკავებლად, ჩვენი მართლმადიდებელი ხალხების კავშირების შესანარჩუნებლად.  ამიტომ აქ სამივე მხარეა დამნაშავე.  ამერიკელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს, ხოლო რუსებმა პირიქით – არ გააკეთეს თავიანთი საქმე.  როდესაც ამერიკელები უტევდნენ, რუსები უკან იხევდნენ და ყველაფერს თმობდნენ, ხოლო ქართველებს, ჩემი აზრით, არ ეყოთ სიბრძნე, არც ქართველ ხალხს, რომელიც უძველესი ისტორიის და დიდი კულტურის მქონე შესანიშნავი მართლმადიდებელი ერია, ხოლო საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული მოდელის შესაქმნელად ალბათ გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეყო.  ქართველები სულ ტყუილად ჩაერთვნენ დსთ-ის ნგრევაში.  სინამდვილეში ყველამ განახორციელა რაღაც ქმედება, რამაც არსებული სიტუაციის შექმნა განაპირობა.

მიუხედავად ამისა, თვით ამერიკული ორგანიზაციის, USAID-ის გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის 75% მხარს უჭერს რუსეთთან კარგი ურთიერთობების აღდგენას, სურვილი აქვს რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების.  იმავდროულად დასავლეთის კაპიტალი თითქოსდა აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას, მასმედიას, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს და პრაქტიკულად მთელ ოპოზიციას,  თქვენი აზრით, რატომ არაფერს არ აკეთებს რუსეთი, რათა გახდეს მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე? 

- ეს ძალიან საინტერესო, სერიოზული და ღრმა შეკითხვაა.  სინამდვილეში, თუკი ამ მონაცემებს ვენდობით, თუკი ვენდობით ჩვენს უბრალო დაკვირვებებს, ცხადია ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი გრძნობს და სულ უფრო მეტად აცნობიერებს მის ისტორიულ კავშირს რუსებთან.  მას ესმის, რომ ირღვევა არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური კავშირები, არამედ უფრო ღრმა კავშირი, რასაც მხოლოდ ბოროტება მოაქვს, როგორც ისტორიული, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით.  ამ მიმართებით მე ვფიქრობ, რომ მართლაც არსებობს წინაპირობები ჩვენი საზოგადოებების დასაახლოვებლად, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მხოლოდ ამერიკელებზეა ორიენტირებული.  აი აქ კი წარმოიშობა ძალიან საინტერესო საკითხი – ვისზეა ორიენტირებული რუსეთის პოლიტიკური ელიტა? ატარებს კი იგი სოციალურ, გეოპოლიტიკურ ან ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც თანამედროვე რუსი ხალხის ინტერესებს შეესაბამება? ვიტყოდი, რომ საკმაოდ ფარდობითი ხარისხით.  სინამდვილეში ჩვენც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ.  ჩვენი საკუთარი პოლიტიკური ელიტა ჩვენი ხალხის ინტერესებზე არ არის ფოკუსირებული,  იგი ნაწილობრივ დასავლეთზეა ორიენტირებული, ნაწილობრივ საკუთარ კორუფციულ საქმეებზე, ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და ჩვენი საზოგადოების ექსპლუატაციის ხარჯზე მოგების მიღებაზე.  ჩვენთანაც არსებობს დაპირისპირება პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის.  ხალხი, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, როგორც ისტორიული ერთობა, რა თქმა უნდა დაინტერესებულია საქართველოსთან კარგი ურთიერთობით.  თუმცა ჩვენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ნაწილობრივ იმ ძალების მემკვიდრეა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკური ძალების შექმნას, რომლებიც რუსეთზე იქნებოდნენ ორიენტირებული, ან დაეხმაროს ასეთ ძალებს.  ამასთანავე,  ზოგჯერ ის რაც კეთდება, კეთდება ძალზე უხეშად, თითქოსდა გამომწვევად, სინატიფის გარეშე.  მე მხოლოდ ერთი ახსნა მაქვს – რუსეთს ისეთი ადამიანები რომ მართავდნენ, რომლებიც ჩვენი ეროვნული ინტერესებით იქნებოდნენ დაინტერესებულნი, მათი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა საქართველოსთან კარგი ურთიერთობის შექმნა იქნებოდა, პოლიტიკურ ელიტაზე ზემოქმედების ჩათვლით, რადგან საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ჩვენ თვითონ ვთავაზობთ ამერიკელებს, და რადგან ამ პროცესს ეფექტიანად არ ვეწინააღმდეგებით, იგი კარგი ნადავლი ხდება ამერიკელთათვის.  და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – სამწუხაროდ რუსეთის ელიტა დღეს ფარდობითი ხარისხით არის ორიენტირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე.  პუტინის ეპოქა რა თქმა უნდა ვერ შეედრება ელცინის ეპოქას, მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის იმ მომენტიდან რაც პუტინი პრეზიდენტი აღარ არის, სულ უფრო კატასტროფულად გვახსენდება 90-იანი წლები და შესაბამისად კვლავ თავი წამოყვეს სწორედ იმ პროდასავლურმა, ულტრალიბერალურმა ძალებმა, რომლებიც თითქოს მიწყნარდნენ და უკანა პლანზე გადაინაცვლეს.  რუსეთი ახლა ძალზე რთულ, გარდამავალ მომენტში ცხოვრობს.  დღეს უკვე საკითხი ასე დგას: ან გაიმარჯვებენ ისინი, ვინც რუსეთს იცავს, რომელთა პოზიცია პოლიტიკურ ელიტაში სუსტია.  პუტინს ესმის, რომ მრავალი რამ არის დასასრულებელი, რომლებიც მან ნახევარ გზაზე მიატოვა და ამას 2012 წლის შემდეგ გააკეთებს.  ან არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვლენ და დამკვიდრდებიან პროამერიკული ძალები, რასაც მოჰყვება არამც თუ რუსულ-ქართული ურთიერთობების დაახლოება, არამედ თვით რუსეთის დაშლა.  ამიტომ ჩვენ, ჩვენი ხალხი, ადამიანები, რომლებსაც გვესმის მხარეთა ისტორიული პერსპექტივა, ჰორიზონტები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქართველ და რუს ხალხს შორის კონტაქტების შესანარჩუნებლად.  მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო მეტად აყენებს მათ პაიკის როლში ამერიკელთა ხელში.  თუკი საქართველო საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რუსეთიც სულ უფრო მეტად ექცევა ამერიკელთა გავლენის ქვეშ და უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევისას არაადეკვატური რეაგირებით საკუთარი თავის წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას.  უფრო ხელსაყრელი პერიოდების დროსაც კი ჩვენ თითქმის არაფერი არ გაგვიკეთებია ქართველებთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, ხოლო ახლა, როდესაც ჩვენ თვითონ გვექნება დიდი პრობლემები, მე არც კი ვიცი რა გირჩიოთ.  სხვა საქმეა რომ ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც გვესმის ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი ინტერესები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი საზოგადოებების დასაახლოვებლად, არ დავუშვათ ახალი ესკალაცია, დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლური თვითმყოფადობა, ჩვენი საერთო ღირებულებები – მოკლედ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შეუძლია გახდეს სტაბილურობის გარანტი კავკასიაში,  თუმცა იგივე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო ეს საკმაოდ რთულია.  თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება? შეიძლება კი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა, რაიმე კონფედერაციის საქართველოსა და რუსეთს შორის, იმ პირობით, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება? ვთქვათ ისეთივე მოდელით, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება თურქეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს? 

- მე ვფიქრობ, რომ  კავკასიაში ძალთა დაბალანსებაში თეორიულად საქართველოს ადგილი ყოველთვის ძალიან დიდი და ძალიან დადებითი იყო რუსეთისთვის და რა თქმა უნდა ამ მოდელისკენ დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნებოდა.  რაც შეეხება რუსეთთან ინტეგრაციას, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა იქნებოდა.  ამ საერთო სახელმწიფოში, კონფედერაციაში, სადაც შენარჩუნებული იქნება სუვერენიტეტი, რა თმქა უნდა ადგილი ექნება ურთიერთობათა ნორმალიზაციას.  ცხადია ეს სწრაფად არ მოხდება, ჭრილობები სწრაფად არ ხორცდება, მაგრამ ეს მოხდებოდა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ახალი შემხვედრი პირობების პერსპექტივით.  რუსეთი დაინტერესებული იქნებოდა ასეთი განვითარებით. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და მისი ამერიკული ან ანტირუსული ორიენტაციის ფონზე რაიმე ამდაგვარზე ოცნებაც კი შეუძლებელია.  უნდა ითქვას, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო დაკარგვა რუსეთის ინიციატივა არ ყოფილა.  გასაგებია, რომ რუსეთს დიდ შრომად დაუჯდა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ოპერაციებში ჩართვა, ასევე ძნელი იყო მისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.  რუსეთმა ეს საკუთარი ნების წინააღმდეგ გააკეთა, სწორედ ამიტომ, მე თეორიულად სავსებით დასაშვებად მიმაჩნია რუსულ-ქართული კონფედერაციის შექმნა, რომელშიც სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი შევა, და რაც, რა თქმა უნდა, ახალ, სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მომავალს შექმნის.  რაც შეეხება სააკაშვილის მიერ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის შეთავაზებულ წინადადებას, თავიდანვე გეტყვით, რომ არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი ამას არ დაეთანხმებიან.  ამას სერიოზულად არავინ არ იხილავს, რადგან ეს ღია ანტირუსული ხასიათის მატარებელი ინიციატივაა.  თურქეთი ამჟამად რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციითაა დაინტერესებული.  თურქეთში არსებული თვით ამერიკული გავლენის  ქსელიც კი ვერ ბედავს სააკაშვილის ამ ინიციატივისთვის მხარდაჭერას, რადგან იგი აშკარად რუსოფობიური მიმართულებისაა.  ეს წინადადება არც კი განიხილება.  ანუ, თურქეთში ყველა რუსეთთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული და სააკაშვილი აბსოლუტურად არავის არ სჭირდება.  ანალოგიური სიტუაციაა აზერბაიჯანშიც.  რუსეთთან დაახლოების დაწყება საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეჟიმს რა თქმა უნდა არ შეუძლია, სავსებით გასაგები და ბუნებრივი მიზეზების გამო.  ამიტომ, საჭიროა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ამ მოდელის აგება.  რუსეთი პასიურია, საქართველოს დღევანდელი მთავრობა საკუთარი რუსოფობიითაა დაბლოკილი და იმ მოვლენებით, რომლებმაც რუსეთს საბოლოოდ ზურგი შეაქცევინა სააკაშვილის რეჟიმისადმი, იგულისხმება 2008 წლის მოვლენები.  ამიტომ ჩვენი ურთიერთობების გარკვეული განახლებაა საჭირო.  ვფიქრობ, უნდა გამოჩნდეს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებული ანტირუსული მოსასხამისგან თავისუფალი იქნება.

იმავდროულად ქართველი ხალხიც სცილდება რუსეთს; რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ელემენტარულად რუსული ენაც ავიწყდებათ, რომელიც ადრე ქართველებმა კარგად იცოდნენ.  რატომ არის რუსეთი უმოქმედოდ, არაფერს არ აკეთებს რუსული ენის გასაძლიერებლად, ორ ხალხს შორის კულტურული კავშირების გასამტკიცებლად, მაშინ როდესაც ათასობით ინგლისური ენის პედაგოგი ჩამოდის, ტარდება გარკვეული პიარი იმავე ინგლისური ენის მხარდასაჭერად, ამა თუ იმ დასავლური და ამერიკული ბრენდების რეკლამირებისთვის?

- მე ვფიქრობ ამას ერთადერთი ახსნა აქვს.  თითქოსდა რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს რუსული ენის განვითარებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან კულტურული კავშირების შენარჩუნებით, მითუმეტეს, თუკი გაერთიანებასთან დაკავშირებით სამომავლო ორიენტაციაზე ვიფიქრებთ, მაგრამ აქ რამდენიმე დაბრკოლება არსებობს.  მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სამომავლოდ ჩვენი ერთიანობის აღდგენაა საჭირო.  ამიტომ ისინი ფორმალურ საკითხებში რაღაცეებს აკეთებენ, აი ვიღაცას აძლევენ ფულს მხარდასაჭერად, მაგრამ სინამდვილეში სერიოზული ინვესტირება არ ხდება და ეს სამწუხაროა.  ჩვენ ვამბობთ – რუსეთი, მაგრამ ჩვენ ხომ ვგულისხმობთ რუს ხალხს და რუსულ სახელმწიფოს, და არა პოლიტიკურ რეჟიმს.  ისევე როგორც ჩვენ ვამბობთ – საქართველო, მაგრამ ბგულისხმობთ ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს, და არა სააკაშვილს.  მაგრამ, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობა და ერთურთის პატივისცემა ჩვენი არაადეკვატური ელიტის გვერდის ავლით; კულტურის, ენის ერთიანობის აღქმა ძნელია, და ამაში მართლაც აუცილებელია ინვესტირება.  და მეორე საკითხი, რუსეთში ძალზე კორუფციული სისტემაა და რუსული ენის განვითარების პროექტები ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებში მაშინვე ხდება კორუფციული ძალების ობიექტი.  იგი ახრჩობს რუსეთს.  კიდევ ცოტაც, და ადამიანები სახელმწიფო სამსახურში ქრთამის გარეშე თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს აღარ შეასრულებენ.  აი ეს ორი მიზეზი – ერთი დიდი, და მეორე – არც თუ ისე მცირე, კორუფცია, ხელს უშლის რუსეთს საქართველოსთვის მხარდაჭერაში.  თუკი ჩვენ არ გვინდა საქართველოსთან ერთობა, თუკი არ გვსურს გვქონდეს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სწორედ ისე უნდა მოიქცე, როგორც დღეს რუსეთი იქცევა, მხოლოდ ჩათვლისთვის, მსუბუქი პროექტების ორგანიზებით საკუთარი ენის გასავრცელებლად, რომლებიც სამწუხაროდ ყველგან და ყოველთვის კორუფციული სქემებით მთავრდება.  ყოველივე ეს აშფოთებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ესმით თანამედროვე რუსეთის საზოგადოების ძირითადი ამოცანები, გააზრებული აქვთ  პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნის და საზოგადოების აუცილებლობა და მნიშვნელობა, და ვინაიდან ჩვენ ახლა საქართველოზე ვსაუბრობთ, ალბათ სწორედაც საქართველო იგულისხმება პირველ რიგში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ არ შეიძლება ჩვენს ურთიერთობებში მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულება.  რეალურად დამნაშავეა ყველა. სამწუხაროდ, მე მეჩვენება, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აკეთებს იმას, რაც საჭიროა ჩვენი ენის, ჩვენი კულტურის წინსვლისთვის, საზოგადოებებს შორის მშვიდობიანი, ჰუმანიტარული და სულიერი ფორმების გასაცვლელად და მათი ინტეგრაციისთვის.  ეს სწორედ რომ ჩვენი ბრალია, დღევანდელ სიტუაციაში მართლაც და რატომ უნდა ისწავლოს ქართველმა რუსული ენა?  უბრალოდ საჭიროა ამ პროცესის მხარდაჭერა, დახმარება, მაგრამ დახმარების გაწევამდე უნდა ვიცოდეთ რისთვისაა ეს საჭირო.  აი სწორედ აქ იწყება ყველაზე მთავარი, რადგან მრავალი მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ საჭირო არ არის.

როგორ ფიქრობთ, უნდა დაველოდოთ 2012 წლის არჩევნებს რუსეთში და 2013 წლისას საქართველოში, თუ არსებობს რაიმე სხვა გზები?

- არჩევნებამდე რაიმე კარგი ნამდვილად არ მოხდება, ეს უბრალოდ ცხადია, რადგან ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, მართლაც ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციას ქმნის, პოლიტიკურად არასტაბილურს.  პოზიცია ყოველდღე იცვლება რუსეთის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, და ეს ციებ-ცხელება 2012 წლამდე გაგრძელდება.  ის ეპოქა, რომელიც ფორმალურად არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს, დაიწყება ადრე, როდესაც ყველაფერი გაირკვევა კანდიდატებთან და ფორმატთან დაკავშირებით, თუკი ეს ფორმატი იქნება ადეკვატური, მაშინ 2012 წლისათვის სწორი სცენარი იქნება არჩეული.  თუკი შენარჩუნდება ეს ინტრიგა, როგორც ჩვენთან ამბობენ – ვინ რჩება რეალურად, ვინ მიდის, რა ეგიდით, მაშინ მართლაც მხოლოდ ისღა დაგვრჩენია 2012 წელს დაველოდოთ, მანამდე არაფერი გაირკვევა.  რაც შეეხება საქართველოში 2013 წლის არჩევნებს, ესეც ღია თემაა.  ცხადია, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ვინ მოვა მის ნაცვლად, როგორი იქნება პროგრამები და სტრატეგიული პრინციპები.  მე ვფიქრობ, რომ დღეისათვის ეს სიტუაცია გარკვეული არ არის.  ღმერთმა ქნას, რომ 2012-2013 წლების არჩევნებისთვის ყველაფერი თანდათანობით დაბალანსდეს.  აქ არის გარკვეული თანმიმდევრობა, თუკი რუსეთში სიტუაცია დასტაბილიზირდება, ფიქრობ, რომ იგი დადებითად იმოქმედებს 2013 წლის არჩევნებზე, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია ძალზე მიშვებულია.  რისი გაკეთებაღა შეგვიძლია – ვფიქრობ უნდა გავააქტიუროთ პოზიცია იმ ძალებთან რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი ასეთ წვრილმან პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.  ჩვენი ხალხი ეს ათასწლოვანი საზოგადოებაა, ათასწლოვანი თვითმყოფადობა, იგი ვერ შეიცვლება 5-10 წლის განმავლობაში.  რა თქმა უნდა ქართველებს აქვთ საკუთარი წარმომავლობა, მუდამ სხვადასხვა სამთავროების სახით არსებობდა, სხვადასხვა პოლიტიკურ წარმონაქმნებში ცხოვრობდა, ასევე ჰქონდა გაერთიანებული და დამოუკიდებელი მართლმადიდებლური სამეფო, ზოგჯერ კარგავდა თავის ტერიტორიებს და მეზობლებისაგან დამოკიდებული ხდებოდა.  აუცილებელია რუსულ და ქართულ ელიტებს შორის დიალოგის განმტკიცება და საერთოდ 2012-2013 წლების არჩევნებისთვის მომზადება. ეს საკუთარი ხელებით უნდა მოვამზადოთ, რადგან სხვა არავინ გადაგვიჭრის პრობლემებს.  ჩვენ უნდა ვაკეთოთ მართლმადიდებლური საქმე, იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც ვაწყდებით.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი გახდეს ძლიერი და აყვავებული სახელმწიფო, რომელიც დაიცავს ყველა მცირერიცხოვან მართლმადიდებელ ხალხს?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი შექცევადია, სანამ რუსეთი ფეხზე დგას, მაგრამ თუკი რუსეთი დაეცემა, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი უბრალოდ დასრულდება.  ამიტომ მე მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველა მართლმადიდებელ ერს შორის კავშირების განმტკიცება, ანუ, საჭიროა ერთურთის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას ყველაფრის მიუხედავად.  ჩვენი ეკლესია მართალ ადამიანებზე დგას, მათზე, ვინც ქრისტეს უერთგულეს, მაშინაც კი, როდესაც ყველა მისი წინააღმდეგი იყო.  მე ვფიქრობ, რომ რუსეთში მრავალი ქართველია, რომელსაც ესმის ეს მართლმადიდებლური თვითმყოფადობა.  ალბათ მათი მობილიზებაც  არის საჭირო, რათა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ეთნიკური ინტერესები, არამედ აქტიური და დადებითი მონაწილეობა მიიღონ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში.  თუკი ჩვენ გადავარჩენთ რუსეთს, გადავარჩენთ მართლმადიდებლობას.  შესაძლებელია რაღაცა გაკეთდეს იმ ქვეყნებში და საზოგადოებებში, სადაც ვცხოვრობთ, საქართველოში, სომხეთში, სერბეთში, მაგრამ სინამდვილეში მართლმადიდებლური ცივილიზაციის ბედი, მსოფლიო ისტორიის ბედი სწორედ რუსეთში წყდება, და სწორედ ახლა, ჩვენს პერიოდში.  ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ რუსეთისთვის, და თუკი რუსეთში გაიმარჯვებს უმრავლესობა, სახელმწიფო, ხალხი და მთლიანად საზოგადოება, და არა მხოლოდ ოლიგარქთა ცალკეული კლანები, მაშინ გადარჩება მართლმადიდებლობა, მაშინ შესაძლებელი იქნება შემობრუნება.   მაგრამ, თუკი დაინგრევა რუსეთი, დაინგრევა ყველაფერი, მაშინ, ჩემი აზრით, მნიშვნელობა აღარ ექნება რაიმესთვის ბრძოლას.  აი ასეთი კატასტროფული ჰორიზონტი ჩანს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე სერიოზული გადაჭრისკენ მიდის.  აი უკვე დიდი ხანია ჩვენ შუალედურ მდგომარეობაში ვართ, წონასწორობას ვინარჩუნებთ უფსკრულის პირას.  ჩვენ იქ ვარდნა დავიწყეთ ელცინის ეპოქის დროს, შემდეგ პუტინმა პრაქტიკულად ამოქაჩა, მართლაც შეაჩერა.  მაგრამ რუსეთში უფსკრულისაგან რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, მუდამ წონასწორობას ვინარჩუნებთ ამ ნაპირზე. თანამედროვე რუსეთის საზოგადოებაში  მრავალი ტენდენცია მიუთითებს, რომ ჩვენ უბრალოდ გავიყინეთ უფსკრულის პირას და საკმარისია პატარა სიო, სულის შებერვა, რომ ყველაფერი ახლებურად დაიწყოს.  ეს ძალზე შემაშფოთებელი სიტუაციაა.  მე ვფიქრობ, რომ კეთილი ნების ძლიერმა ადამიანებმა, რომლებისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ეკლესიების ბედი, ჩვენი ცივილიზაცია და ისტორია, პირველ რიგში რუსეთში უნდა იმოქმედონ.

ლიანა ხატიაშვილი

http://erekle-2.ge/index.php/ka/home/88-მთავარი-თემა/250-ალექსანდრე-დუგინი-„ჩვენ-ყველაფერი-უნდა-ვიღონოთ-ქართველ-და-რუს-ხალხებს-შორის-ურთიერთობების-შესანარჩუნებლად