უმცროს შიო ვასაძეს დაბადების დღეზე

შენი სამშობლო უწვდომელია მტრისათვის.  ის სხვა სივრცეებში სუფევს და მტერს არ ძალუძს მისი დამარცხება.  მტერი ეტანება მის სპეტაკ სხეულს, კბილებითა და კლანჭებით ჰგლეჯს მას, მაგრამ წმინდა სისხლი შენი სამშობლოისა თავადაა მალამო მისივე ჭრილობებისა.  მხეცს ჰგონია, რომ სამუდამოდ ჩამოაგლიჯა მას სხეულის ნაწილები, აღტკინებისაგან გონება უბნელდება, მის სრულ განადგურებასა ლამობს, მაგრამ არ შეუძლია მტერს განადგურება შენი სამშობლოისა.  შენი სამშობლო მკვდრეთით აღდგომაა, გამარჯვებაა უმანკოებისა, მორცხვი მზერაა მშვენიერი ქალწულისა, რომლის მჩაგვრელიც ვერაფერს მიიზღავს გარნა სიმწრისა, ცრემლისა და დამარცხებისა. 
ვერ დააძალებ და ვერც დაუმალავ ვერაფერს შენს სამშობლოს.  მხოლოდ შეგიძლია უერთგულო მას, თაყვანი და პატივი სცე მის დიდებასა და სიფაქიზეს.  და როგორც არ უნდა გიჭირდეს, არასოდეს შეგეპაროს ეჭვი მის ბრწყინვალე აღდგომაში.  თუ ამას გულით იხილავ, მაშინ ყველა ამქვეყნიური ვარამი არაფრად მოგეჩვენება.  რაც უფრო უხილავია შენი სამშობლოს აღდგომა და გამარჯვება, მით უფრო უნდა ირწმუნო ის გონიერი გულით, რასაც არ უნდა გიმტკიცებდნენ შენს ირგვლივ მოარული ჭინკები.  ისინი გეტყვიან, რომ შენი სამშობლოს წესები აღარ არსებობს, შენ კი მაინც მაგ წესებით იცხოვრე.  ისინი გეტყვიან, რომ უსაშველოდ მოძველდა და შემცირდა ყველაფერი ქართული.  შენ კი გადახედე მთა-ველებსა და მზე-ტაძრებს შენი ქვეყნისა, მოუსმინე მის ზღაპრულ სიმღერას, გასინჯე მისი ქარვისფერი ღვინო და ეზიარე მისი უბადლო სუფრის წესს, ისწავლე მისი სადა სადღეგრძელოები და ანკარა ლექსები, დაეწაფე მისი ლომგული გმირების ამბებს, გაიცანი შენი მეგობრები და გაიზარდე მათთან ერთად, იძინე შენი ქვეყნის საფირონის კალთებზე და იმეციხოვნე მის სასთუმალებზე, ისუნთქე მისი ტყეებით, იცურავე მის წყლებში, შესვი მისი წყაროები, მოუსმინე სიბრძნეს შენი ხალხისას და გაიხარე მისი კილო-კავებით და დაინახავ, რომ არაფერი არ მოძველებულა და არ შემცირებულა შენს სამშობლოში.  და რომ ხშირად ის, რასაც გთავაზობენ, როგორც ახალსა და მნიშვნელოვანს, ის თავადაა ბებერი და ფუყე, გარედან ბრჭყვიალა და მოცინარი და შიგნიდან მყრალი და მოწყინარი.
შენი სამშობლოს სიკეთესა და სილამაზეს ვერ დაინახავს ხარბი და ცრუ კაცის თვალი. მისთვის ეს თაველები სიღარიბეა და მოწყენა.  სინამდვილელში კი ამ თაველების ლხინშია გადაშლილი მთელი ცა-ვარსკვლავეთი, მათი სისადავე სჯობს სხვათ მომკულობას, მათი უბრალოება სჯობს სხვათ ბრალიანობას.  უდარებელი კავკასიონიდან მონაქროლ ნიავებს მოაქვთ მუსიკა სევდიანი სილამაზის ჩურჩულით მაამებელი მოდარაჯე კაცის სმენისათვის.  იმ ჩურჩულშია იდუმალება აუხსნელი სიხარულისა დაუსაბამო წყაროდან უხვად მომდინარე გმირთა ამბებში, ოჯახიანობაში, სიყვარულში. 
გათიშულაო ქართველი ერთურთისგანო - არც ეგ დაიჯერო, შვილო.  ყველა ნამდვილი ქართველი, ცოცხალი, თუ გარდაცვლილი ერთურთს შეთქმული არის სიკეთისათვის.  თითოეული მათგანი მუდმივ კავშირშია ყველასთან.  ეს არის კავშირი უხილავი ხაზებით, რომელნიც კოსმოსსა და დროს ჰკვეთენ, სიყვარულში მრავლდებიან და თრთვილის ქსოვილად ევლებიან ჩვენს სამშობლოს.  მაგ ქსოვილის არც დაგლეჯა ძალუძს მტერს და არც მასში რაიმეს ჩაქსოვა შეუძლია მას.
შენი სამშობლო დიდებული მუხაა, რომელსაც მარადის ეკვეთებიან ბოროტი ქარტეხილები, სჯიჯგნიან მას, მიამიტ და მიმნდობ ფოთლებსა და ტოტებს სტაცებენ მას, ხოლო მის მერქანს ვერაფერს აკლებენ.  მუხას ყოველთვის სტკივა თავისი სუსტი და ჭკუამხიარული შვილების - ტოტებისა და ფოთლების გატაცება ბოროტი ქარტეხილების მიერ.  ჯოჯოხეთურ როკვაში აღტაცებულნი, ისინი მაცდურ ქარებს მიჰყვებიან უკეთესისა და ახლის ფუჭი იმედით გაბრუებულნი.  მუხამ კი თავისი სიბრძნის გადმოსახედიდან იცის მათი ბედი:  ცოტას ათრევს მის შვილებს ეს მორიგი ქარტეხილი და ველებზე დაყრის მათ საწყლად - რამდენი უნახავს მასეთი.  მამას უდროოდ მოგლეჯილები საწყალი, ნედლი ფოთოლ-ტოტები უძლურად ჰყრიან და ტყვილა ხმებიან მიწაზე, დროზე ადრე, მკვახე ნეშომპალად უბრუნდებიან მას.  მუხა კი ოხრავს და მიწას ევედრება, ნაკადებად მაინც დამიბრუნე ეგენი ჩემს ფესვებთანო.  მაგრამ, რომაც ისმინოს ეგ ვედრება დედამ, იმ ფოთოლ-ტოტების შრიალს რაღა დაუბრუნებს მუხას?!  და შენც, შვილო ჩემო, მე თითქმის, აგერ, მერქანი გავმხდარვარ, ნუ იქნები მათსავით.  სიბრძნით დაკაცდი და იყავი ჩემთან ერთად, როგორც მე ვარ ჩემს მამასთან ერთად.
შენი სამშობლოსნაირი არც არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე. მისთვის გულისხმიერი სწავლა, უღლელი შრომა და მასში ბედნიერი ცხოვრება არის შენი უტკბესი მოვალეობა და მაგ მოვალეობას გილოცავ შენს დაბადების დღეს.  საითაც უნდა წაგიყვანოს ჩვენი უფლის გზებმა, ყველგან იყავი ზრდილობიანი და მადლიერი.  რამაც ეგ სუფთა გული გაგიხაროს, ის შეისწავლე გულის გონებით.  არ დაგავიწყდეს, რომ ყველა საქმე უფრო ადვილია, თუ მას ადამიანისათვის ჰქმნი.  ნუ იზრუნებ მხოლოდ ნათესავზე და მეგობარზე, ეგ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ქართველისათვის.  არ გაგიკვირდეს და არ შეგაშინოს უსამართლობამ, ან ბოროტებამ კეთილისა წილ, თუნდაც სრულიად სამწუხარო და მოულოდნელად ახლობელი ადამიანისაგან:  ესეიგი უფალს ჰყვარებიხარ, რადგან თავისი გზის მემილიონედს გაგემებს.  მასეთებს ნუ მისცემ უფლებას გული გაგიფუჭონ და ადამიანის ნდობა დაგაკარგვინონ.  რაც არ უნდა ჭირი და მწუხარება ნახო, ყოველთვის დაგვიძახე მე და დედას, შენს და-ძმებს, ჩვენ ერთი ვართ და ამ ერთობას მოხმობა ახარებს. 
იცოდე, რომ შენ ნათლის მეომარი ხარ და რომ ნათელი მეომრის გულის სიმაგრე მხოლოდ მისი სახლის სითბოთი იკვებება და სხვით არაფრით.  ამიტომ იარე შენი ცხოვრების ჩემგან დალოცვილ გზებზე მარდად, სიმართლით და ღვთის შიშით, იყავი დესპანი შენი სამშობლოისა და გულთგონიერი მეცნიერი სხვათაგან სასწავლი სიბრძნეებისა, აიღე შენი სამშობლოსათვის და შენი ოჯახისათვის მხოლოდ მისაღები, მარგი და მახარებელი, დანერგე ის ჩვენს ბაღებში  ჩვენი ბროწეულებისა და კვიპაროსების გვერდზე და არასოდეს მიატოვო ისინი, რამეთუ შენ ხარ სიხარული და სიმშვიდე ჩემი გულისა და ჩვენი დიდი მეფის ხმლისა არ იყოს, ჩვენ ერთად ვართ ავი მუსაიფი ჩვენი სამშობლოს მტრებისათვის და მადლობა ღმერთს ამისათვისაც.
ლევან ვასაძე
28 ოქტომბერი, 2010