ალექსანდრე დუგინი: ”რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა!”

ალექსანდრე დუგინი: ”რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა!”

პორტალი ”russia.ru” აქვეყნებს ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინის რუსულ იდეას, რომელიც გამოიხატება ევროკავშირზე პროტექტორატის დამყარებასა  და ახალი ბიზანტიური იმპერიის შექმნაში. დუგინი გამოირჩევა თავისი ნეოიმპერიალისტური იდეებით და მნიშვნელოვანი გავლენით რუსეთის სახელისუფლებო წრეებზე. გთავაზობთ ფილოსოფოსის წერილს უმნიშვნელო შემოკლებებით:

„დღეს რუსეთში მწვავედ იგრძნობა ნაციონალური იდეის დეფიციტი. დიდი ხანია მე ვფიქრობ ამ პრობლემაზე და მისი გადაწყვეტის გზაზე.  ამ იდეის დედაარსი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა დავიპყროთ ევროპა, მივიტაცოთ და მივიერთოთ... გავიხსენოთ დიდი პოეტი ტიუტჩევი, რომელიც მსგავს კონცეფციას ავითარებდა XIX საუკუნეში. ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის იმპერიას უნდა დაეპყრო ევროპა,  რუსი მეფე საერთოევროპული მეფე უნდა ყოფილიყო და ესე იგი ბიზანტიის იმპერიის ამაღორძინებელი. შეიძლება ევროპელებს მიეცეთ  მაღალი ხარისხის ავტონომია ამ გლობალური III რომის იმპერიის ფარგლებში. მართლმადიდებლობა მშვენივრად მოილაპარაკებს კონსერვატიულ კათოლიკურ წრეებთან; კათოლიკეებს ჩვენ არ დავუშლით თავიანთ აღმსარებლობას ჩვენს საიმპერიო ტერიტორიაზე, როგორც იმპერიული ერთობის ადრეულ პერიოდებში ხდებოდა  კონსტანტინე დიდიდან კარლოს დიდამდე  - გარკვეული ავტონომიების მიუხედავად დასავლეთ ევროპა მაინც აღიარებდა ბიზანტიის იმპერატორის ერთადერთობას.

ევროპული ელიტა - ნიცშე, შპენგლერი, მიოლერი - მნიშვნელოვანწილად ფიქრობდნენ ევროპის რუსეთისათვის გადაცემის პერსპექტივაზე - ძლიერი და კონსერვატიული რუსეთისათვის გადაცემაზე; ასე რომ, რომელიღაც მეხუთე პრორუსული კოლონა ევროპაში გარანტირებული გვაქვს. აბა,  შევხედოთ ევროპის შეიარაღებულ ძალებს - ისინი თითქმის ნულის ტოლია. ვთქვათ, არსებობს ნატო. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ნატოს ბლოკი მძაფრ ოპერაციებში, როგორც დავინახეთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არ ერევა. ჩვენ წავეკიდეთ მათ მეგობარ სააკაშვილს, მოვუგეთ მას და  პასუხად მხოლოდ თუხთუხი და ამერიკული ბალეტი დავინახეთ შავ ზღვაზე, ნატოს ამერიკულ კრეისერებზე. მერედა რა? სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ჩვენ დაგვრჩა!

ასე რომ, ევროპას ჩვენ შევთავაზებთ თავისთავადობას, ოღონდ იქ ჩვენს პროტექტორატს დავამყარებთ და - მორჩა.

ევროპა სამხედრო თვალსაზრისით სუსტია და მას არ შევებრძოლებით. ომი? მოდით ვიომოთ ევროპელი გეების , ”Pussy Riot”-ისა და მათი საკუთარი თავის წინააღმდეგ... ან რაღა დარჩა ევროპას - ემიგრანტები ისედაც ძირს უთხრიან მის იდენტურობას. ჩვენ უნდა ვუთხრათ ევროპას:  ”ჩვენი პროტექტორატის ქვეშ ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას - აბა, შეგვხედეთ: ჩვენთან ”Pussy Riot”-ი ჩავაჯინეთ, თქვენსასაც ჩავაჯენთ; თქვენთან ”Femen”-ი თავნებობს ეკლესიებში - ჩვენ მათ ხელჯოხებით ვუმასპინძლდებით და ვამგზავრებთ ისტორიულ სამშობლოში... მერე აღარც უკრაინას და საქართველოს აღარ მოუნდებათ არსაით გაქცევა -  ევროპისკენ მიმავალნი ისინი ჩვენთან მოხვდებიან; ევროპა მოიგებს ჩვენი პროტექტორატის ქვეშ...

დღეს, როდესაც ევროპა ქრება თვალდათვალ, შეგვიძლია გავუზიაროთ მულტიკულტურალიზმის ჩვენი დიდი გამოცდილება - ჩვენ მათ შევთავაზებთ ადაპტაციურ საშუალებებს, რათა დარჩნენ ჩვენს გლობალურ ევრაზიულ იმპერიაში, რომელშიც შევა ევროპაც, როგორც ინტეგრაცია სხვადასხვა საზოგადოებების, კულტურებისა და ცივილიზაციების.

ამით ჩვენი მოქალაქეებიც დაკმაყოფილდებიან - ვიზების საკითხი ავტომატურად გადაიჭრება: სავიზო კონტროლი არ იქნება, საზღვრები არ იქნება, უბრალოდ ევროკავშირი შემოვა ევრაზიის კავშირში, როგორც მისი ნაწილი. ჩევნ ევროპულ საინფორმაციო საშუალებებზე დავამყარებთ ერთგვარ პატრიოტულ ცენზურას, ანტინიჰილისტურ ცენზურას ადამიანის სულის ნიჰილისტურ გამოვლინებათა წინააღმდეგ.

ჩვენ ხომ გვაქვს ევროპაზე ექსპანსიის გამოცდილება - III ინტერნაციონალი, კომინტერნი, კომინფორმი. მათი მეშვეობით შეგვიღწევია ევროპული ქვეყნების პარლამენტებში - ეს იყო ჩვენი პოლიტიკის ინსტრუმენტი. დღეს ჩვენ აღარ ვართ კომუნისტური ქვეყანა, მაგრამ  შეგვიძლია ვიპოვოთ სხვა პარტნიორები. და თუ ევროკავშირს ნაციონალურ იდეად დავუსახავთ ევრაზიის კავშირს, ჩვენ შევიკვრებით დიდი იდეის გარშემო. წარმოიდგინეთ: ევროპის მიერთება - აი ეს არის რუსული საქმე, ეს არის დიადი საქმე!

მათ, ვისაც მოსწონს დასავლური ტექნოლოგიები, შეგვიძლია ვუთხართ - მოგწონთ? ჩვენ მათ მოვიპოვებთ. ჩვენ დავიპყრობთ ევროპას და მთელ მათ მაღალ ტექნოლოგიებს  ჩავიგდებთ ხელში. ეს არის გლობალური მაკროპროექტი - ევროპის მიტაცება...

დიახ, ჩვენ მოგვიხდება მეხუთე კოლონის მოძებნა, შექმნა და მისი წინ წაწევა, ჩვენი ხალხის გაყვანა ევროპის ხელისუფლებაში, ”გაზპრომის” ფულით სარეკლამო სააგენტოების შეძენა ევროპულ გამომცემლობებში.

იმის თაობაზე, რომ რუსეთისა და ევროპის გაერთიანება უნდა მოხდეს რუსი მეფის ეგიდით, ჯერ კიდევ რუსული რელიგიური ფილოსოფიის ფუძემდებელი  ვლადიმერ სოლოვიოვი ამბობდა - რატომ ავიწყდებათ ეს? მე ვეუბნებოდი ჩვენთან ერთობის მოსურნე ფრანგებს: ”მოდით, გავერთიანდეთ, ოღონდ არა კათოლიკურ პაპისტურ უნიატურ პრინციპზე, არამედ იმპერიულზე -  რუსი მეფით ან რუსი პრეზიდენტით, მთელი ევროპისთვის ერთით და აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების სახესხვაობებით”. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვითანამშრომლოთ - ჩვენ ხომ საერთო მტერი გვყავს. პროტესტანტებიც ჩვენს გვერდზე იქნებიან, მათ შორის ისინი, ვინც ჭეშმარიტად ქრისტესმოსავია.

იმპერიის საზრისია - ევროპული, რომის, საბერძნეთის, ბიზანტიის იმპერიის თავის ადგილზე დაბრუნება. ჩვენ ვაგებთ იმპერიას - ისინი აგებენ ევროკავშირს (თავისებურ იმპერიას), რომლის პრინციპებიც სავალალოა - არ გაუმართლათ ეკონომიკაში და უცებ იშლებიან;  ჩვენ კი -” წავა ეკონომიკა თუ არ წავა - ჩვენი ევრაზიელი იმპერატორი, ჩვენი რუსი, რომაელი მეფე რასაც იტყვის, ისე იქნება და თქვენც იქით წახვალთ! ეკონომიკა  - კარგია, მაგრამ  ეს რ არის მთავარი -  ”არა პურითა ხოლო” შეგვახსენებს მეფე - მთავარია ადამიანური ღირსება. აი, ეს არის კარგი პროექტი რუსეთისათვის - ოპტიმალური ფორმა ნაციონალური იდეის ასაღორძინებლად”. 

http://news.ge/ge/news/story/51620-aleqsandre-dugini-rusetma-unda-daipyr...