"ევრაზიული კავშირის" მომხრეების შეხვედრა გორში

Author(s): 

 

"ევრაზიული კავშირის" მომხრეების შეხვედრა გორში

ამ იდეით მოხიბლულთა შორის გამართულ შეხვედრაზეც კი მონაწილეთა ერთი ნაწილი იდეას უტოპიად აფასებს. თვლიან, რომ ახალი გაერთიანების იდეა რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაახმაურა მას მომავალი არ აქვს. 

ევრაზიის კავშირის დახმარებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ილუზია საპნის ბუშტივით მას შემდეგ გასკდა, რაც ინტერნეტის დახმარებით საკუთარი მოსაზრებები ევრაზიული მოძრაობის ლიდერმა, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე დუგინმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო. რუსეთის სახელისუფლებო წრეებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ადამიანი, რომელიც ნეოიმპერიალისტური იდეებით, ევროკავშირზე პროტექტორატის დამყარების და ახალი ბიზანტიური იმპერიის შექმნის იდეებით არის ცნობილი ამბობს, რომ საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მაინც ვერ მოხდება. 
დუგინის ასეთი შინაარსის ვრცელ მოსაზრებებს შეკრებილთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო შეხვდა, მეორე ნაწილი კი კვლავ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას და ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას ასახელებს. 
დუგინის გარდა ევრაზიული კავშირის მნიშვნელობა შეხვედრის მონაწილეებს კიდევ რამდენიმე სხვადასხვა სტატუსის მქონე რუსეთში მოღვაწე ადამიანმა გააცნო. ქართული კოალიცია ევრაზიული არჩევანი საქართველოს წევრები კი როგორც გაირკვა მსგავსი სახის დისკუსიის გამართვას და ევრაზიული კავშირის იდეის პროპაგანდას გორის შემდეგ სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავენ.